საქართველოს აშფოთებს რუსეთის ახალი საზღვაო ბაზის მშენებლობა აფხაზეთში / BBC-ს ვრცელი სტატია

BBC-ს სტატია ოჩამჩირის პორტის მშენებლობის შესახებ (სრული თარგმანი)

ვტორები: რეიჰონ დემეტრე, პოლ ბრაუნი, ჯოშუა ჩიტჰემი

ნოემბრის დასაწყისში საქართველოდან 50-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოუწოდა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ერთიანი პოზიციის დაკავებისკენ  რუსეთის გეგმების წინააღმდეგ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ.

ქვეყანაში შიშობენ, რომ ბაზამ შეიძლება ჩაითრიოს ის რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, ასევე დააზიანოს თბილისის გეგმები შავ ზღვაზე დიდი ახალი პორტის აშენებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ერთხმად და მკაცრად ვგმობთ რუსეთის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ, რომლის ახალი გამოხატულებაა ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნა“, – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

ოქტომბრის დასაწყისში აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ დაადასტურა, რომ მისმა მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას კრემლთან შავი ზღვის პორტ ოჩამჩირეში მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზის შესახებ.

რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა აფხაზეთისა და საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. დასავლეთი რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიაში ადანაშაულებს და მათ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო რუსეთის გეგმები და მათ უწოდა მათი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა. ამასთან, თბილისმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ახალი ბაზა საქართველოს პირდაპირ საფრთხეს არ შეუქმნის.

„ოჩამჩირეში ბაზის მშენებლობა რომც დაიწყონ, სულ მცირე სამი წელი დასჭირდება“, – განუცხადა BBC-ს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ. „ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ უშუალო საფრთხეებზე და არა მათზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მომავალში“.

მან განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა ახლა ძირითადად შეშფოთებულია რუსეთის სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობითა და გატაცებით საოკუპაციო ხაზთან, რომელიც ყოფს  საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებისგან.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ნაბიჯებს ოჩამჩირეში მშენებლობის დაწყებისკენ“, – დასძინა მან.

ომში ჩათრევის შიში

BBC Newsnight-მა და BBC Verify-მა გააანალიზეს სატელიტური გამოსახულებები, რომლებშიც ნაჩვენებია 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ოჩამჩირის პორტში ფსკერის ჩაღრმავების და სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა.

ამ სამუშაოს წყალობით, ოჩამჩირე უკვე შეძლებს 13 ათას ტონამდე ტევადობის გემების მიღებას, იტყობინება აფხაზეთის ხელისუფლება.

თუმცა, უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, ამ სამუშაოების მიზანია ოჩამჩირე  რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების უსაფრთხო ნავსაყუდელი  გახდეს.

თუ რუსეთი გამოიყენებს ოჩამჩირეს უკრაინაზე თავდასხმისთვის, ან თუ უკრაინა გადაწყვეტს თავდასხმას რუსულ ხომალდებზე მის პორტში, საქართველო ომში იქნება ჩათრეული,თვლის ბრიტანეთის თავდაცვის კვლევების სამეფო ინსტიტუტის წევრი  ნათია სესკურია.

„თუ პუტინს სურს როგორმე საქართველო ჩაითრიოს ამ ომში, ის ამას გააკეთებს, თუ ეს მის ინტერესებშია. და, სამწუხაროდ, მას აქვს ყველა შესაძლებლობა, მოახდინოს ზეწოლა საქართველოზე“, – ამბობს ის.

რუსეთის გეგმებმა ოჩამჩირესთან დაკავშირებით ასევე გააჩინა შეშფოთება საქართველოს ხელისუფლებაში იმის თაობაზე, რომ მათი გეგმები შავი ზღვის სანაპიროზე დიდი ახალი პორტის შექმნის შესახებ შეიძლება ჩაიშალოს.

რა ხდება ანაკლიის პორტში

ღრმაწყლოვანი პორტი „ანაკლია“ აფხაზეთთან ძალიან ახლოს, ამავე სახელწოდების ქართულ სოფელში უნდა აშენდეს.

პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის გასწვრივ ვაჭრობის გასაძლიერებლად, აზიასა და ევროპას შორის ყველაზე სწრაფი გადაზიდვის მარშრუტით.

ეს დერეფანი გვერდს უვლის რუსეთს და, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2030 წლისთვის შეუძლია მგზავრობის დრო გაანხაევროს  და ვაჭრობის მოცულობა სამჯერ გაზარდოს.

კრემლი დიდი ხანია ეწინააღმდეგება ანაკლიის მშენებლობას და მას აშშ-ს პროექტს უწოდებს.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ აშშ-ს საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავები შეძლებენ ამ პორტში შესვლას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა ზოგადად პროევროპულია, მისი ხელისუფლება ცდილობს მანევრირებას მოსკოვთან ურთიერთობაში.

2020 წელს საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ არსებული კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა კონსორციუმთან, რომელმაც უზრუნველყო დასავლური ბანკებისა და ინვესტორების მხარდაჭერა.

მამუკა ხაზარაძე, რომელიც ხელმძღვანელობდა ანაკლიის განვითარების თავდაპირველ  კონსორციუმს, ამბობს, რომ შემდეგ მთავრობამ შეაჩერა პორტის განვითარება მოსკოვის დასამშვიდებლად.

„ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის არის ის, რომ ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რადგან ანაკლიის მშენებლობა არ შედის რუსეთის ინტერესებში“, – განაცხადა მან.

ხაზარაძე იხსენებს, რომ ოჩამჩირე  ანაკლიიდან ჩრდილოეთით მხოლოდ 30 კმ-ში მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე.

მისმა კონსორციუმმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„11 მეტრის სიღრმიდან ხუთი მილიონი კუბური მეტრი ქვიშა ამოვიღეთ. სამნახევარი ათასი კილომეტრის მილები ჩავდეთ“, – ამბობს ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ხელმძღვანელი ხაზარაძე.

საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ პროექტი განახლდება, ახალ ტენდერში გამარჯვებულები კი უახლოეს მომავალში გამოვლინდებიან.

ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, მისი ხელისუფლების მიმართ პრორუსულობის ბრალდებებს აბსურდს უწოდებს.

„როგორ შეიძლება, მითხარით, პრორუსულმა მთავრობამ ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მოიპოვოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში?“ – კითხულობს სამხარაძე.

მაგრამ ის ასევე განმარტავს, რომ საქართველო ფრთხილად უნდა იყოს ჩრდილოელ მეზობელთან: „ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთთან სამი ომი გვქონდა. ჩვენს თავზე ნატოს უსაფრთხოების ქოლგა არ არის. ჩვენ არ გვაქვს ევროკავშირის ეკონომიკური მხარდაჭერა“.

სამხარაძის ვარაუდით, რუსეთი იყენებს ოჩამჩირეს იმისთვის, რომ დაემუქროს  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განზრახვის გამო.

ევროპელმა ლიდერებმა  ამ კვირაში სამიტზე უნდა გამოაცხადონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს განაცხადის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება.

„რუსები ყოველთვის იყენებენ მომენტს, რომ შეარყიონ, პირველ რიგში, საქართველოს სტაბილურობა და მეორეც, საქართველოს სურვილი ევროინტეგრაციისკენ“, – ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„ისინი ცდილობენ აჩვენონ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ ისინი ბატონები არიან სამხრეთ კავკასიაში და შეუძლიათ გააკეთონ რაც უნდათ“, – დასძინა მან.