საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები აერთიანებს.
„244 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე. ეს დღე ნებისმიერი ერის ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, არა მხოლოდ სიმბოლიკით, არამედ მატარებელია იმ ღირებულებების, რომლის ირგვლივაც ერი ერთიანდება.
ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია – ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც ასევე გვაერთიანებს ამერიკასთან და რომელსაც ვიზიარებთ სრულიად. ეს ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ჩავწერეთ ყველა ჩვენს კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის შემდგომ, რომლითაც მივდივართ ჩვენი განვითარების გზაზე. თითქმის 30 წლის გზაზე ამერიკა საქართველოს გვერდში დგას და მხარს უჭერს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ჩვენი სამხედროების განვითარებას, მათ როლს თუნდაც უცხო მისიებში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად. ეს არის ის ერთობლივი სოლიდარული გზა, რაც გავიარეთ აშშ-სთან ერთად“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეოში ასევე აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიო უხილავი მტრის წინაშე იბრძვის, ამიტომ გლობალური სოლიდარობა აუცილებელია. პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა იმ ქართველებსაც, ვინც ამერიკას მეორე სამშობლოდ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს აღნიშნავს.