საქართველოს ეწვევა ევროპელი კოლეგების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა – სამადაშვილი

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ევროპარლამენტში დაიწყება სერიოზული პროცესები, რაც საქართველოსთან პოლიტიკის გადატვირთვას გულისხმობს.

მისი თქმით, მალე საქართველოს ევროპელი მეგობრების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ეწვევა.

“მე მაქვს ევროპელი მეგობრებისგან თანხმობა, განვაცხადო, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ევროპელი კოლეგების კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა, რომლებსაც ექნებათ მისია, გააკონტროლონ და შეამოწმონ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა ციხეში. ისინი კვლავ მოითხოვენ მასთან შეხვედრას, მაგრამ არა მხოლოდ.

ამ ვიზიტის მისია იქნება საქართველის ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება იმაზე, რომ ღიად განაცხადონ, რა არის მათი არჩევანი – არის ეს ქვეყნის საბოლოოდ შემობრუნება რუსეთის მიმართულებით თუ ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა – ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ევროპარლამენტარებთან. უახლოეს მომავალში ევროპარლამენტში დაიწყება ძალიან სერიოზული პროცესები, რაც გულისხმობს პოლიტიკის გადატვირთვას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში”. – თქვა სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე აზრით, ხელისუფლება ემიჯნება ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს.