საქართველოს მთავრობის აზროვნება ეწინააღმდეგება ევროატლანტიკური მომავალს – EPP-ს რეზოლუცია

ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსული კანონი და მის წინააღმდეგ პროტესტზე  არაპროპორციული ძალის გამოყენება დაგმო და “ქართული ოცნების” ანტიდასავლური კურსის გამო შეშფოთება გამოთქვა.

ჰელსინკში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაზე გაიმართა დებატები საქართველოს შესახებ და მსჯელობის შემდეგ მიღებულ იქნა რეზოლუცია. დებატების ინიციატორი “ევროპული საქართველო” იყო. ასამბლეას პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ესწრებოდა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე დაინახეს, რამდენად დიდია ქართველების მისწრაფება უკეთესი მომავლისკენ.

“ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების კურსი ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიის აშკარა უკანდახევაზე მიუთითებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, მავნე და აბსურდულ პროპაგანდასთან  კამპანია, იმის შესახებ, რომ ევროკავშირი და აშშ ახორციელებენ ზეწოლას საქართველოზე, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად, რუსული დეზინფორმაციული ნარატივების გამეორებაა, განგაშის გამომწვევია.

ამ ქმედებებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების აზროვნება აშკარად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს”, – წერია EPP-ს რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ამგვარი რეგულაციები არსებობს რუსეთში ბელარუსსა და სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები უგულებელყოფილია.

ევროპის სახალხო პარტია აცხადებს, რომ მათ მკაფიოდ დაინახეს ქართველი ხალხის მისწრაფება უკეთესი მომავლისკენ და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება.

„ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს იმის აბსოლუტურად საპირისპირო ნაბიჯების გადადგმას, რაც ქვეყანას ევროპისთვის ამ ისტორიულ მომენტში სჭირდება, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომმა გამოიწვია.

მეორე მხრივ ჩვენ დავინახეთ, როგორი დიდია ქართველი ქალებისა და კაცების, ახალგაზრდების მისწრაფება უკეთესი მომავლისკენ. მათი სიმტკიცე ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი აღგვაფრთოვანებს და შთაგვაგონებს“ – წერია დოკუმენტში.