საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, აშშ-ის კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ ამერიკულმა ინსიტუტებმა გამძლეობის დადასტურება შეძლეს.

“30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვით აშშ მისაბაძი მაგალითია.

გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავიანთი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება.

საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად“, – წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ.

ვაშინგტონის პოლიციის ცნობით, შტურმს 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა. მათ 52 დემონსტრანტი დააკავეს.

მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმში ვითარება განიმუხტა, კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.