საქართველოში ექთანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა

სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია და მას დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე აღენიშნება.

„პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში რეგიონიდან კვირას გადმოიყვანეს. ის იყო ვაქცინირებული. მისი მდგომარეობა დღეს დამაკმაყოფილებელია, მსუბუქია, ანალიზები ნორმის ფარგლებშია. კომპიუტერული ტომოგრაფიის თანახმად, მისი ფილტვების დაზიანება 1 ქულასაც არ შეადგენს. ჰოსპიტალიზაციის დროს ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა, ბოლო ორი დღეა სიცხე არ აქვს. აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე, რაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის საგანგაშო და პრობლემატური არაა. ის თავს კარგად გრძნობს“,- განუცხადა IPN-ს საავადმყოფოს პრესამსახურმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ექთანს AstraZeneca-თი აცრამდე კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო.