საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა ჩამოიტანეს

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა შემოვიდა. ამერიკულ-გერმანული წარმოების ვაქცინაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 14 ივლისის 15:00 საათიდან შეეძლებათ პორტალზე booking.moh.gov.ge, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

„ამ ეტაპზე, შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორნაწილად – 14 000-14 000. მოგეხსენებათ, რომ მეორე დოზა კეთდება სამი კვირის შემდეგ, ამიტომ, ყველა ადამიანს რომ გარანტირებულად შეხვდეს, ანუ პირველად აცრილს, რა თქმა უნდა, მისთვის იქნება გარანტირებული (მეორე დოზა).

ამ ეტაპზე, ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს იმაზე, რომ „ფაიზერზე“ ასაკი დაიწევა – როგორც ამ ეტაპზე ინსტრუქციით არის -16 წლის ზემოთ. მომავალ კვირაში ეს გაფორმდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და „ფაიზერის“ უკვე, მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ამ ეტაპზე „ბუკინგ ჯავშნები“ იქნება მხოლოდ 18 წლის ზემოთ. არ არის ზედა ზღვარი“. – აცხადებს გამყრელიძე.

ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია მოქალაქეებისთვის 18 წლის ასაკიდან. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, Pfizer-ის შემდეგი პარტიის მიღების შემდეგ, აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.