საქართველო ამაყია, რომ მისი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევას “ტვიტერის” საშუალებით ეხმაურება.

“საქართველო ამაყია, რომ მისი კანდიდატი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს”, – აცხადებს პრეზიდენტი.

18 დეკემბერს, რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-19 სესიის ფარგლებში, ქ. ნიუ-იორკში გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ აირჩიეს, 2021-2030 წლების ვადით.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.