“საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს” – დავითაშვილი

“სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნავ, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს” – ასე ეხმაურება საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ენმ-ის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციას,  რომლის მიხედვით საქართველოში კონკრეტულ კომპანიებს რუსული ნავთობი შემოაქვთ.

“მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, არც ერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს. ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული, ასეთივე ნავთობს ყიდულობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან ბევრი ქვეყანა და მათ შორის, საქართველოშიც გადაწყვეტილებები მიიღება კერძო კომერციული კომპანიების მხრიდან, იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს.

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, ამ კუთხითაც საქართველოს საბაჟო სტრუქტურებს ჰქონდეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული მუშაობა. ყველა სახელმწიფო უწყება იყო სტრატეგიული პარტნიორების ექსპერტებთან ერთად ჩართული პროცესში, როცა ხდებოდა სანქციების აღსრულების მექანიზმის განმარტებები და კიდევ ერთხელ გადაწყვეტილებები შეთანხმებულია, შეჯერებულია და გავლილია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან”, – თქვა ლევან დავითაშვილმა.