“საქმეს აჭიანურებენ, რადგან ხელს აფარებენ” – ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს აქციას გამართავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს, 30 აგვისტოს, მთავარ პროკურატურასთან აქციას აანონსებს. აქციის მოთხოვნა იქნება, გამოქვეყნდეს 27 აგვისტოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოს სრული ჩანაწერი, რომელშიც სუს–ის 3 ავტომობილი გადაადგილდება.

“2 საათზე გვაქვს აქცია მთავარ პროკურატურასთან. 45 დღე გავიდა და არაფერი პასუხი არაა ჯერ, არაფერზე, არც ერთ კითხვაზე. ვეძებ ჩემი შვილის მკვლელს, მინდა საქმე გაიხსნას, ესენი კი აჭიანურებენ, არ აწყობთ, რადგან ხელს აფარებენ. FBI-ის ჩამოყვანაც არ აწყობთ”,– აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

მთავარმა პროკურატურამ 27 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება და ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 3 მანქანა რუსთავის გზატკეცილზე, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა. უწყება ირწმუნება, რომ ეს 3 ავტომობილი გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. პროკურატურის განცხადებით, ეს ავტომობილები ამ მარშურუტით ყოველდღიურად დადიან.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მანქანის გადაადგილების ამსახველი მხოლოდ მცირე მონაკვეთი გამოაქვეყნა. გარდა ამისა, მისი თქმით, შავნაბადას ბაზიდან საიდუმლო გზა გადის მაწევანამდე, ამიტომ პროკურატურამ სრული ჩანაწერი უნდა გამოაქვეყნოს.