საჭიროა მისი დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზება სამოქალაქო კლინიკაში – ”დროა” სააკაშვილზე

“საჭიროა მისი დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზება სამოქალაქო კლინიკაში ” – პარტია, ”დროა” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

“26 დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერ დროს უკიდურესად დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა მისი დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზება სამოქალაქო, მესამე კლასის კლინიკაში.

2021 წლის 23 ოქტომბერს გამართულმა კონსილიუმმა დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მაღალი, მესამე კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გლდანის საპატიმროს საავადმყოფოს არ აქვს იმ ტიპის სამედიცინო აპარატურა და შესაძლებლობები, რაც შესაძლოა სააკაშვილის სამკურნალოდ გახდეს საჭირო.

“ქართულმა ოცნებამ”, ნაცვლად პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, ბინძური, ცილისმწამებლური და ცინიკური განცხადებები გააკეთა სახალხო დამცველის მისამართით და გამორიცხა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა.

ხელისუფლება იტყუება, როდესაც ამბობს, რომ პატიმრების სამკურნალოდ მხოლოდ ციხის საავადმყოფო განიხილება. 2020 წელს 585 პატიმარი გადაიყვანეს სამოქალაქო ჰოსპიტალში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახეზეა “ქართული ოცნების” პირადი ანგარიშწორება და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის მისი პრივილეგია, არამედ პირიქით – მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირადი შურისძიება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.