საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილი ციხის გარეთ, საქართველოში იმკურნალებს – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.

მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მას ციხის გარეთ, საქართველოში უმკურნალებენ.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს, თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან”,– აცხადებს უწყება.