სახალხო დამცველი არასდროს რეაგირებს ქალი პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის არასდროს რეაგირებს პრეზიდენტის შეურაცყოფაზე.

ადმინისტრაციის შეფასებით, ზურაბიშვილის 16 ივლისის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე შეფასა.

“სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს.

მეტად სამწუხაროა, ამ პირობებიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენმა ჩათვალა საჭიროდ პრეზიდენტის 16 ივლისის განცხადების შეფასება მისი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე.

არა მხოლოდ ზემოხსენებული განცხადება, არამედ საქართველოს პრეზიდენტის ყველა გამოსვლა გმობს ძალადობას და პოლარიზაციას და მიმართულია შერიგებისა და ერთიანობისკენ. მოცემული განცხადება ახალგაზრდებს მოუწოდებს არა ძალადობისკენ, არამედ აღიარებასა და მონანიებისკენ.

საქართველოს პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის და შესაბამისად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი, იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის ჩართულობა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა ხელს შეუწყობს ამ საქმის სრულყოფილ გამოძიებას, დაიცავს ოჯახს ბულინგისგან და საზოგადოებას დაძაბულობისგან და რაც მთავარია, უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვას” – აცხადებს ადმინისტრაცია.

ცნობისთვის, ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე თქვა, რომ მან “ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის”, ხოლო, ჯგუფური აგრესია “ძალიან არაქართულია”.

მან ეს კომენტარი დღეს განმარტა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი ბულინგით დაიღალა.

“დავიღალე თქვენი, უფრო სწორად, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემ მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ თქვენ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა. თქვენი მცდელობა, რომ მე გამასაღოთ, როგორც პრო მოძალადე, ძალიან სასაცილოა. მე რაც ვიგულისხმე, ერთი ერთზე ვთქვი. არ მითქვამს, რომ ერთი ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს არც ჩხუბი. ვთქვი ერთო ერთზე ვაჟკაცობა და ერთი ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, თქვენ ალბათ არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა არის აღიარებაში, ამაზე უნდა გეფიქრათ. ვაჟკაცობა არის მონანიებაში”. – თქვა ზურაბიშვილმა.