პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების წესი უნდა გაუქმდეს – გია ჟორჟოლიანი

“სოციალ-დემოკრატების” ლიდერის, გია ჟორჟოლინის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების არსებული წესი უნდა გაუქმდეს.

მისი თქმით, მოქალაქემ თავად უნდა აირჩიოს, დააფინანსებს თუ არა რომელიმე პარტიას.

„პარტიების დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ ჩვენ შევიტანეთ კანონპროექტი პარლამენტში, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებასთან. ჩვენი ხედვით, სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების არსებული წესი უნდა გაუქმდეს. ნაცვლად ამისა, თითოეულ მოქალაქეს თავად უნდა შეეძლოს გადაწყვიტოს მისი გადახდილი გადასახადიდან რომელი პარტია მიიღებს დაფინანსებას ან საერთოდ აქვს თუ არა სურვილი რომელიმე პოლიტიკური პარტია დააფინანსოს.

დღეს არსებული კანონმდებლობით, პარტიები, არჩევნებზე განსაზღვრული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პირდაპირი წესით იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, რომელსაც გადასახადების გადამხდელები ქმნიან. კონკრეტული პარტია იღებს დაფინანსებას და მოქალაქეების პოზიცია და ინტერესი საერთოდ არ არის გათვალისწინებული, აქვთ თუ არა სურვილი მათ მიერ გადახდილი გადასახადი მოხმარდეს ამ პარტიას, ან საერთოდ უნდათ თუ არა რომელიმე პარტიის დაფინანსება,”- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეები წლის დასაწყისში აირჩევენ, უნდათ თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაფინანსება. სურვილის შემთხვევაში, მათი არჩეული პარტია  გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 0.3%-ით დაფინანსდება. გია ჟორჟოლიანის აზრით, ეს გაზრდის პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ურთიერთკავშირს, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

“პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ უფრო მეტად გააქტიურება და ისინი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მომუშავე ორგანიზაციები არ იქნებიან. გარდა ამისა, ასეთი მოდელი უფრო მეტად დემოკრატიული და სამართლიანიცაა, როცა ყველა მოქალაქეს თავად ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს პარტია, რომლის დაფინასების სურვილიც აქვს და შეუწყვიტოს დაფინანსება, მაშინ როდესაც გადაწყვეტს, რომ ეს პარტია აღარ გამოხატავს მის ინტერესებს,”- განაცხადა ჟორჟოლიანმა ბრიფინგზე.