სახლი არ წაგვართვან, არ დატოვო – დათა პაპას ბოლო სიტყვები

“სახლი არ წაგვართვან, არ დატოვო “- ეს სიტყვები, ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრებმა, 88 წლის, დათა (ვანიშვილმა) პაპამ, ცოლს, ვალია ბებოს უკანასკნელად უთხრა.  ის დღეს დილით, 19 მარტს გარდაიცვალა. საოკუპაციო ძალებმა დათა პაპას, შვილს,  ნანა ვანიშვილს მავთულხლართებს მიღმა, გადასვლის და მამის დატირების უფლება მისცეს. დათა პაპა, ბოლო თვეებში ავადმყოფობდა და უკვე ლოგინიდანაც ვეღარ დგებოდა. მას ოკუპირებულ სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაასაფლავებენ.

„სახლი არ დატოვო, არ წაგვართვან,არსად წახვიდე, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგეხმარებიან“ – დაიბარა დათა პაპამ ანდერძად. 

დათა ვანიშვილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2012 წელს მოჰყვა, სახლის წინ მას,  მავთულხლართები აღუმართეს,თუმცა მან სახლის დატოვებაზე უარი თქვა და მავთულხლართებს მიღმა მეუღლესთან ერთად დარჩა.სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, დარჩენილი მიწის ნაკვეთი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ის ხშირად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას აწვდიდა მედიასაც. დათა ვანიშვილი ოკუპანტებმა ამის გამო ის არაერთხელ დააკავეს.