საჯარო უწყებებმა “ღამის შოუს ბენდს” 128,500 ლარი უტენდეროდ მისცეს

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით  იმედისა და პოსტვ–ს თანამშრომლებით დაკომპლექტებულ ბენდს, რომელიც ხშირად მონაწილეობს ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებში,  საჯარო უწყებებმა 2022 წელს 128 500 ლარი უტენდეროდ მისცეს.

2022 წლის მონაცემებით ღამის შოუს ბენდთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში 128,500 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულმა უწყებებმა ექსკლუზიურად ამ ბენდთან გადაწყვიტა ხელშეკრულების გაფორმება ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა.

ღამის შოუს ბენდი ცალკე იურიდიული ფორმით არ არსებობს, ამიტომაც საჯარო უწყებები მათ თანხას სხვადასხვა კერძო პირთან ხელშეკრულების გაფორმების გზით აძლევენ, მაგალითად ასეთ კერძო პირებს წარმოადგენს: გიორგი გაბუნია, ჯიმო აბესაძე, ზვიად ბლიაძე და გელა გნოლიძე.

რაც შეეხება თავად საჯარო დაწესებულებებს, ძირითადად ღამის შოუს ბენდთან ხელშეკრულებებს  ადგილობრივი თვითმმართველობები აფორმებენ. ხელშეკრულებები ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით ფორმდება.

2022 წლის განმავლობაში შესყიდვების სააგენტოს ჯამში შვიდმა მერიამ მიმართა, რათა გამარტივებული წესით ხელშეკრულების გასაფორმებლად ნებართვა მიეღო.

ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება ღამის შოუს ბენდთან ფოთის, წყალტუბოსა და სენაკის მერიებმა გააფორმეს.

ფოთის მერიას 24-25 ივლისს ჰქონდა კონცერტის ჩატარება  დაგეგმილი. ხოლო ექსკლუზიურად ღამის შოუს ბენდთან ხელშეკრულების გაფორმება შემდეგი მოტივით დაასაბუთეს  – “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ როგორც ახალგაზრდებში ასევე ფართო საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი სატელევიზიო რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით.”

რაც შეეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდული ღონისძიებების ფარგლებში გადაწყვიტა ღამის შოუსთან ხელშეკრულების გაფორმება. ხელშეკრულების ღირებულებამ 22,000 ლარი შეადგინა. დასაბუთებაში აქაც მითითებულია: “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ ახალგაზრდებში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობითა და მაღალი სატელევიზიო რეიტინგით. სწორედ ახალგაზრდების მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდა მასზე არჩევანის შეჩერება და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით აღნიშნულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს გიორგი გაბუნია და “ღამის შოუს ბენდი”.

ღამის შოუსთვის გადამხდელ მუნიციპალიტეტებში მესამე ადგილს სენაკის მერია იკავებს, რომელიც 19,000 ლარის გადახდას აპირებს ბენდის დასაქირავებლად.  სენაკის მერიას 11 აგვისტოს აქვს დაგეგმილი გასართობი ღონისძიების ჩატარება. ღამის შოუსთან ხელშეკრულების გაფორმების დასაბუთებაში სენაკსაც იგივე უწერია: “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ როგორც ახალგაზრდებში ასევე ყველა თაობის წარმომადგენლებში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს.”

აღსანიშნავია, რომ “ღამის შოუს ბენდი” ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ბენდია, რომელიც ქართული ოცნების შეკრებებსა და კონცერტებზე ხშირად ჩნდება. ამავე დროს ღამის შოუს ბენდთან საჯარო ორგანოების მიერ გაფორმებულ რამდენიმე ხელშეკრულებაში მიმწოდებელ მხარედ ფიგურირებს ზვიად ბლიაძე, იგივე ზვიო, რომელიც ტელეკომპანია  პოსტ ტვ-ის 16%-იან წილს ფლობს. პროსახელსიუფლებლო მედიებთან და მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირების ფონზე, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ექსკლუზიურად ამ ბენდთთან გაფორმებული ათიათასაობით ლარის ხელშეკრულების უკან, სწორედ მათი ხელისუფლებისადმი ლოიალობა დგას, რაც ცხადია, დადასტურების შემთხვევაში, კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავს.