სემეკმა მათთვის, ვისაც კომუნალურების შეღავათით სარგებლობა არ უნდა, პლატფორმა შექმნა

იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ სურთ მთავრობის კომუნალური შეღავათებით ისარგებლონ, სემეკმა შესაბამისი პლატფორმა აამოქმედა. კომპანიის განცხადებით, მოქალაქეებს გადაწყვეტილების დაფიქსირება მათივე ვებგვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ.

კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე. სემეკის ინფორმაციით, მოქალაქეებს კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმა შეუძლიათ, როგორც სამივე თვეზე, ისე  ყოველ თვეზე ცალ-ცალკე. მარტის თვის გადასახადის შემთხვევაში, უარის თქმის ბოლო ვადა 2020 წლის 11 აპრილია. მომხმარებლებმა ვებგვერდზე რამდენიმე ველი უნდა შეავსონ და ინფორმაცია რეაგირებისთვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიაში გადაიგზავნება.

,,კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც მარტში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ”, — წერია სემეკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ლარი გამოიყოფა. მთავრობა სამი თვის კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს ოჯახებს, რომლებიც დადგენილ ლიმიტზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს მოიხმარებენ. ვიცე-პრემიერის განმარტებით, ელექტროენერგიაზე შეღავათებით მილიონ 200 ათასი ოჯახი ისარგებლებს, ბუნებრივ აირზე კი 671 ათასი.