სემეკმა შესაძლოა გამანაწილებელი კომპანიებისთვის 5%-ზე მეტი წილის გაყიდვის აკრძალვა შეძლოს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ-ი) ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შეძლებს, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს.

“ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს 13 ივლისის სხდომაზე იგეგმება. კანონპროექტის მიხედვით, თუ გამანაწილებელი კომპანია წილის/აქციების ხუთი ან ხუთზე მეტი პროცენტის გასხვისებას გადაწყვეტს, ის ვალდებული იქნება, რომ ამის თაობაზე სემეკ-ს წინასწარ აცნობოს.

თუ სემეკი გადაწყვეტს, რომ ოპერატორმა წილი არ უნდა გაყიდოს, მას გაყიდვა აეკრძალება.

ოპერატორმა კომისიას უნდა გააცნოს მონაწილე პირის შესახებ ინფორმაცია:

  • საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება, სარეგისტრაციო მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტები, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) სახელი, გვარი, მისამართი და მოქალაქეობა;
  • აქტივების შეფასების დასკვნა და აუდიტის ანგარიში საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე;
  •  შერწყმის ან/და წილის/აქციებისა ან საოპერაციო აქტივების გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის ცვლილების პირობები;
  • ინფორმაცია ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ.

სემეკს შეეძლება ისეთი ინფორმაციაც მოითხოვს, რომელიც ჩამოთვლილ პუნქტებში არ წერია.  შეტყობინების წარდგენიდან 3 თვის ვადაში მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი იქნება, გასცეს თანხმობა ან აკრძალოს 5 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება.

კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ გასხვისების აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად, სხვა გარემოებებთან ერთად, შეიძლება იყოს ოპერატორის მიერ მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება.

კანონპროექტის ავტორების – სემეკისა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ცვლილებების მიზანია, განზრახული ტრანზაქციის უარყოფითი შედეგების განჭვრეტა, მათი პრევენცია, კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსის უზრუნველყოფა და მისი შენარჩუნება.