სენატორი შაჰინისა და რიშის გზავნილებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და მოვისმინოთ – დეგნანი

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აშშ-ს სენატის მიერ დღეს მიღებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს ეხმიანება და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სენატორებისა და კონგრესმენების გზავნილებს სერიოზულად მივუდგეთ, ვინაიდან მათ საქართველოსთვის საუკეთესო ინტერესები ამოძრავებთ.

„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მთლიანად წავიკითხოთ კანონპროექტი. მრავალი პოზიტიური შეფასებაა იმის თაობაზე, თუ რას მიაღწია საქართველომ და იმის შესახებ, თუ რისი ნახვა სურს აშშ-ს საქართველოს მხრიდან, დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.

ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილია. ვფიქრობ, რომ ყოველთვის როდესაც გზავნილს იღებთ სენატორი შაჰინისგან ან სენატორი რიშისგან, ან კონგრესის იმ წარმომადგენლებისგან, ვინც სიღრმისეულად ზრუნავს საქართველოს წარმატებაზე, მნიშვნელოვანია, რომ ამ გზავნილს სერიოზულად მოვეკიდოთ და მოვისმინოთ, თუ რას ამბობენ ისინი, ვინაიდან ეს ადამიანები იცნობენ საქართველოს და ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე”, – განაცხადა დეგნანმა.

აშშ-ს სენატმა 23 ივლისს მხარი დაუჭირა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც თავდაცვის ხარჯებისათვის მომავალ წელს ბიუჯეტიდან 740.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.  ამავე დოკუმენტში სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა, 26 ივნისს ცვლილებების ინიცირება მოახდინა.

ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, 8 მარტის შეთახმებასა და გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნას ეხებოდა.

შესწორებაში აღნიშნული იყო, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდებოდა, თუ საქართველოს მთავრობა დაპირებულ რეფორმებს განახორციელებდა.

აშშ-ს თავდაცვის აქტის საბოლოო ვერსიაში ხსენებული ცვლილებები არ შევიდა. მიუხედავად ამისა, კონგრესში მაინც განიხილავენ საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15%-ის გარკვეული პირობების დაკმაყოფილებამდე შეჩერებას ითვალისწინებს.