სერბეთში ვიზიტით მიმავალ ლავროვს ევროპულმა ქვეყნებმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს

ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ჩერნოგორია – ამ ქვეყნებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს. ლავროვი სერბეთში ვიზიტით უნდა ჩასულიყო.

სერბული მედიის ინფორმაციით, ამის გამო, 6–7 ივნისისთვის დაგეგმილი ლავროვის ვიზიტი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ამასთან, სერბული მედია აღნიშნავს, რომ ოფიციალური ბელგრადი არაფერ შუაშია. სერბეთის პრეზიდენტი ახლა იძულებულია პირადად ჩაერთოს რუსი მინისტრის ვიზიტის ლოჯისტიკის მართვაში.

ბელგრადში ჩასვლის შემდეგ ლავროვი ქვეყნის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოლაი სელაკოვიჩთან, პარლამენტის სპიკერთან, ივიცა დაჩიჩთან შეხვედრას აპირებდა.

მანამდე ვუჩიჩი აღნიშნავდა, რომ თუ ლავროვის ვიზიტის გამო 10 ივნისისთვის დაგეგმილი გერმანიის კანცლერის სერბეთში ვიზიტი ჩაიშლება, ეს ტრაგედია იქნება.