სერგეენკო იქნება, ბექა ოდიშარია თუ სხვა, ბიძინა ივანიშვილი იტყვის და გაქრებიან – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინირებული მოქმედება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკვანძო საკითხია.

„კრიტიკულ ფაზაში არის მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის. ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იყო და არის საკვანძო ოლქებში კოორდინირება შედგეს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას შორის.

თბილისში შეთანხმება ვფიქრობ, საკმარისია. ეს 8 ან 6-ადგილიანი უპირატესობა მაჟორიტარებში და სადღაც სხვაგან მეორე ტურები, ალბათ, უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში წარმატებას. უნდა გვესმოდეს, ისევ საპრეზიდენტო არჩევნების გამოცდილებით, როგორი ისტერიაც ჰქონდათ პირველი ტურის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში გონივრულია, რომ არ გავრისკოთ ქვეყნისთვის ზიანის მიყენება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილს უნდა ოპოზიციას ისე სათამაშოებივით მოეპყროს, როგორც საკუთარი გუნდის წევრებს.

„ბიძინა ივანიშვილმა გვანახა, რომ დავით სერგეენკო გამორჩეული კაცია. ივანიშვილი მათ ისე ეპყრობა, როგორც სათამაშოებს და უნდა ჩვენც ასე მოგვეპყროს, მაგრამ ამას არ ვიღებთ. სერგეენკო დღეს არის და ხვალ არ იქნება. არიან მინისტრები, რომლებიც ქრებიან, ამ ხალხს ხომ წონა არ აქვს?

ყველამ ვიცით, რომ როდესაც საკითხი მიდის პოლიტიკურ გადაწყვეტილებზე, იქ ამ ხალხს წონა აქვს ნული. სერგეენკო იქნება, ბექა ოდიშარია თუ სხვა, ბიძინა ივანიშვილი იტყვის და გაქრებიან, არ აქვს მნიშვნელობა რამე პოლიტიკური წონა თუ აქვთ. ისინი უბრალოდ გაქრებიან“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან 6-ში საერთო კანდიდატები დაასახელა. ჯერჯერობით უცნობია, შეთანხმდებიან თუ არა რეგიონების მაჟორიტარებზეც.