სვანეთის სოფელ ლენჯერში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა

სვანეთის სოფელ ლენჯერში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. ადგილობრივები თავისუფალი მიმოსვლის აღდგენას ითხოვენ, რათა ოჯახების პროდუქტებით მომარაგება დროულად შეძლონ.

ადგილობრივი გიორგი გულედანის თქმით, სოფლის გამგებელი მურთაზ გულედანი ვალდებულია, ადგილობრივებს გაყვეს მესტიის ცენტრში, რათა მათ შეძლონ პროდუქტების შეძენა, თუმცა გამგებელი ყველა ოჯახის დროულად მომსახურებას ვერ ასწრებს.

“ვერ ახერხებს ყველად გადაყოლა-გადმოყოლას. ბევრი ოჯახი ცხოვრობს და რჩებიან პროდუქტის გარეშე. მოსავალიც არ არის იმ დონემდე მისული, რომ იმით ისარგებლონ. დამოკიდებულნი ვართ მესტიის ბაზარზე და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი’ , – განაცხადა  გულედანმა.

ადგილობრივებს შეთანხმების იმედი აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა დროულად მოხერხდეს მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგება.