სვიანაძის თანამდებობის დატოვების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მოსამართლე მაია სვიანიძის თანამდებობის დატოვების შესახებ წინასწარ იცოდნენ.

მათი ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილით მოსამართლემ 2021 წლის 26 მარტს მიმართა, 5 აპრილს გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა განკარგულებას მხარი დაუჭირეს და მაია სვიანაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

“მაია სვიანაძე უფლებამოსილების შეწყვეტამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი წლებია შტატების მოქალაქეა და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე, წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის.

მაია სვიანაძე მოსამართლის უფლებამოსილებას 2009 წლიდან ახორციელებდა. 2017 წლიდან თანამდებობაზე განწესებული იყო უვადოდ”,- წერია განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქმედმა მოსამართლე მაია სვიანაძემ შვებულება აიღო, ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან წავიდა და იქ დარჩა. ჯანეზაშვილი წერს, რომ სვიანაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება აშშ-დან გამოუგზავნა.

ნაზი ჯანეზაშვილი ასევე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას. ჯანეზაშვილი წერს, რომ თითქოს “წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის”, ტყუილია და ამ შემთხვევაში საბჭომ უნდა დაასახელოს სხდომის თარიღი, რომელზეც ეს საკითხი იყო განხილული.

“ისე მეც საბჭოს წევრი ვარ და ამ განცხადებას ვინ ავრცელებს არ ვიცი, ან ვინ უჭერს მხარს არ ჩანს, ჩემთან ამაზე დღეს სხდომაზე არავის უსაუბრია. საერთოდ იუსტიციის საბჭო კოლეგიური ორგანოა, შევახსენებ!

ის, რომ თითქოს “წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის” – არის ტყუილი! მაშინ დაასახელონ სხდომის თარიღი, როდესაც ეს საკითხი იყო განხილული”. – წერს ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.