“სოლიდარობა ირაკლი ბებუას” – 24 ოქტომბერს პარლამენტთან აქცია დაანონსდა

24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

2020 წლის 30 სექტემებრს, მაშინ, როდესაც სეპარატისტული რეგიონი “დამოუკიდებლობისა და გამარჯვების” დღეს აღნიშნავდა, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშა, რომელზეც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო სიმბოლოები იყო გამოსახული – დაწვა. ამ ფაქტის შემდეგ, გალში, ბებუას საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც, ბრალის დამძიმების მიზნით საოკუპაციო რეჟიმის მილიციამ მას ხელყუმბარა “ჩაუდო.” აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ირაკლის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღეს მისი ჯანმრთელობის მგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. მესამე წელია საქართველოს მოქალაქე ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვის გამო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და ოჯახთან მხოლოდ სტანდარტული, შაბლონური დაპირებებითა და ტექსტებით ურთიერთობენ.

ირაკლი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას. ვიკრიბებით სამშაბათს, 19:00 საათზე – პარლამენტთან”, – წერენ ორგანიზატორები.

ირაკლი  ბებუა ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს და ამავე წლის  8 დეკემბერს ე.წ. სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.