“სოლიდარობა შუქრუთელ მოშიმშილეებს” – დღეს თბილისში აქცია გაიმართება

“სოლიდარობა შუქრუთელ მოშიმშილეებს” – დღეს, 14 საათზე თბილისში, პუშკინის სკვერში სოლიდარობის აქცია გაიმართება. მისი ორგანიზატორები არიან საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა” და Gmc • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი.

„კვირას, 6 ივნისს, 14:00 საათზე, ვიკრიბებით პუშკინის სკვერში (თავისუფლების მოედანთან), რათა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ შუქრუთელ მოშიმშილეებს, რომლებიც ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას უკვე 100 დღეზე მეტია რაც აპროტესტებენ.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები დიდი ხანია პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას მოითხოვენ, რაც ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

სწორედ ამიტომ, უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, მათ პროტესტის უკიდურეს ზომას – პირის ამოკერვასა და შიმშილობას მიმართეს.

შემოგვიერთდით. ერთად გავაპროტესტოთ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ამ ადამიანების კერძო საკუთრების დაზიანება, გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სახელმწიფოს უმოქმედობა”, – წერია ორგანიზატორების განცხადებაში.