სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს – ცერცვაძე

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს”- ასე გამოეხმაურა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას შეეხება, არაკორექტულს უწოდებს.

„არ გვგონია, რომ არსენ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მითუმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს. საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს. იმ ფონზე, როდესაც 22 მაისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ19“-ის 6302 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 77 გარდაიცვალა, სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია. ჩვენ ვეპატიჟებით არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში,“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.