სომხეთს სამედიცინო პერსონალით დავეხმარებით – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის წევრებს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ სომხეთთან, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება.

პრემიერი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარების მოსამზადებლად დავალება უკვე მიიღო.

“ყოველდღიურ კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე როგორც, კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენ მეზობელს. აქ ურთიერთოთანადგომა არის უკუდირესად მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს დავალება მიღებული, იმისთვის რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს, ეს პირველ რიგში, როგორ ჩანს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან”- თქვა გახარიამ.

სომხეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 14669 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო 24 საათში ვირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, 18 კი გარდაიცვალა.