სოფელ კაბალის სკოლის მოსწავლეები ირწმუნებიან, რომ სკოლაში მოჩვენებები დადიან

ფოტო: რადიო თავისუფლება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ სკოლაში მოჩვენება დადის.

“ფორმულას” ცნობით, მოსწავლეები ყვებიან, რომ მოჩვენება მდედრობითი სქესისაა, აცვია შავი, გრძელი ჩითის კაბა და თმა ფერად აქვს შეღებილი. მოსწავლეები ირწმუნებიან, რომ დასვენების დროს მოჩვენება სკოლის მეორე სართულიდან ხელს უქნევს, შემდეგ კი სხვენში იმალება, შესამოწმებლად ასულებს კი ის გამქრალი ხვდებათ.

სკოლაში პოლიცია გამოიძახეს, რომელიც შენობაში მოჩვენებებს ეძებს.

სკოლის დირექტორის თქმით, ის არა მოჩვენება, არამედ ცოცხალი ქალია, თუმცა მისთვის უცნობია, ვინ არის და როგორ შევიდა სკოლის შენობაში.

“მოჩვენება არა, ვიღაც ქალი იყო შემოსული, ვერ დავადგინეთ, ვინ არის, პოლიციაც მაგის დადგენაზე მუშაობს. მე არ დამინახავს, ბავშვებმა დაინახეს და გამოვიძახე პოლიცია”,– ამბობს ფორმულასთან საუბრისას სკოლის დირექტორი.