სოფელ ნატანებში 22 წლის ბიჭმა მამა მოკლა

სოფელ ნატანებში დააკავეს 22 წლის კაცი, რომელმაც 21 იანვარს მამა მოკლა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ხოლო დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია “ნაგანის” ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი”,– აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.