სოციალურად დაუცველ ბავშვებს 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან

2021 წლის, 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. ასევე გაიზრდება სარეიტინგო ქულის მაჩვენებელი, რომელის მიხედვითაც სოციალური დახმარება უნდა გაიცეს.

“1-ლი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გავაორმაგეთ და თითოეულ ბავშვზე 100 ლარი დავაწესეთ. ასევე იზრდება მოცვა  – 100000 ქულის ნაცვლად 120000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას.

“სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის ახალი, ინდექსაციის წესით პენსიონერები 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას იღებენ. დღეს სახელმწიფო პენსია 240 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, უნდა გაიზარდოს და გავზრდით ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერები იღებენ  20%-იან დანამატს. შესაბამისად, სახელმწიფო პენსია მთაში 288, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის – 330 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ყველას გვესმის, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ძალიან კარგი და აუცილებელი – ინდექსაცია, რომელიც 1 იანვრიდან შევიდა ძალაში”, – თქვა ღარიბაშვილმა.