სტაბილურად ნეხვში ჯდომა კარგი არ არის – ჯაფარიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასა და სტაბილურობას მისცა.

ჯაფარიძე ამბობს, რომ “სტაბილურად ნეხვში ჯდომა კარგი არ არის და იქიდან უნდა ამოძვრე”.

“დაბრუნებული არიან შევარდნაძის პერიოდში, როცა კორუფციაში ვიხრჩობოდით, დენი არ იყო, გაზი არ იყო, პერსპექტივა არ არსებობდა ქვეყანაში და მართლა გამოუვალ სიტუაციაში რომ ვიყავით, მაშინ ჰქონდა შევარდნაძეს ეგ მესიჯი, რომ მთავარია სტაბილურობა იყოს და მეტი არაფერიო. სტაბილურობა კარგია, მშვიდობაც კარგია, ცხადია, ოღონდ წუმპეში ჯდომას არანაირი შინაარსი არ აქვს. სტაბილურად ნეხვში თუ ზიხარ, ეგ კარგი არ არის, იქიდან უნდა ამოძვრე და ახლა ეს ქვეყანა არის ამოსაძრომი. ახლა ამ არჩევნებზე იყო ეგ შანსი, რომ ჩვენ ამ ნეხვიდან ამოვმძვრალიყავით”,– ამბობს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.

გირჩის ლიდერი აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას 8 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ რამე გაეკეთებინა, თუმცა საქართველო სიღარიბეში დატოვა.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ.