სტერილური პარლამენტი 21-ე საუკუნეში არ არის სიცოცხლისუნარიანი – ხუხაშვილი

“სტერილური პარლამენტი 21-ე საუკუნეში არ არის სიცოცხლისუნარიანი ‘- პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადებით და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმით, ყველაზე მეტად სახელმწიფოებრივი განვითარება დაზარალდა, პროცესს კი გამარჯვებული არ ჰყავს.

„თუ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში პრიზი სახელმწიფოებრივი განვითარებაა, ყველამ წააგო, წააგო ორივე მხარემ და რაც მთავარია, წააგო სახელმწიფომ. თუ პრიზი არის ძალაუფლება, ბუნებრივია, ხელისუფლებამ გაიხანგრძლივა თავისი არსებობა და შესაბამისად, ეს პრიზი მან აიღო, თუმცა, ძალიან სუსტი ლეგიტიმაციით და უფრო მაღალი რისკის ზონაში შევიდა. ეს არის ხელისუფლების მხრიდან ტაქტიკური გამარჯვება, რომლის ფასიც სამომავლოდ მისთვის შეიძლება იმაზე ბევრად უარესი იყოს, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ ხელისუფლებისთვის ეს დამახასიათებელია, ისინი ძირითადად ინსტინქტებით აზროვნებენ, გრძელვადიან გეგმებს არ ისახავენ. მათ სისტემური, გრძელვადიანი გეგმები არ აქვთ, მხოლოდ მოკლევადიან, ერთჯერად ამოცანებზე არიან ორიენტირებული. მათ ჰქონდათ ერთჯერადი ამოცანა, რომ ნებისმიერი მეთოდით შეენარჩუნებინათ ძალაუფლება და „ხვალისა ხვალემ იფიქროსო“ ან „ხვალ ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონიო“, ეს არის სამწუხაროდ მათი პოლიტიკური ფილოსოფია, რაც სახელმწიფოებრივი განვითარების ინტერესებთან წინააღმდეგობაშია.

„როდესაც სახელმწიფოში არის მძიმე ვითარება, ვფიქრობ, რომ სჯობს ეს კრიზისი გადავიტანოთ საპარლამენტო კედლებში და იქ განვითარდეს ძირითადი პოლიტიკური ბატალიები. მათ შორის თავისი პიკებით. შევა თუ არა პარლამენტში ოპოზიცია, პიკი გარდაუვალია, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია, ამ ლეგიტიმაციით 4 წელი მართვა შეუძლებელია. არ მგონია მმართველ პარტიას ოპოზიციის გარეთ დარჩენით კომფორტი ჰქონდეს. სრულიად ცალსახაა, რომ 90 -კაციანი პარლამენტი ვერ იქნება ფუნქციონალური, იმიტომ, რომ ის სრულფასოვნად ვერ შეასრულებს უფლებამოვალეობას და კრიზისი მაინც იქნება. ხელისუფლება ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა. მათ აშკარაა, რომ უზარმაზარი პრობლემა აქვთ. ისინი ამიტომ ცდილობენ დააპირისპირონ ეს პარტიები ერთმანეთს, ვიღაცა იყიდონ, დააშანტაჟონ, შეაშინონ. ეს მუშაობა მიდის ხელისუფლების მხრიდან, ამას ვხედავთ. სტერილური პარლამენტი 21-ე საუკუნეში არ არის სიცოცხლისუნარიანი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.