სტრასბურგმა საქართველოს მთავრობას დეკანოზ მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის რამდენიმე პუნქტის დარღვევა დაადგინა და საქართველოს მთავრობას 3 თვის ვადაში  9 418 ლარის გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის საქმე დასაშვებად გამოაცხადა და კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტების დარღვევა დაადგინა.

სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ დარღვევების დადგენა საკმარისია იმისთვის, რომ გამსაჩივრებლის ნებისმიერი მორალური ზარალი ანაზღაურდეს.

სასამართლო ასევე წერს, რომ დეკანოზ მამალაძის საქმეში დაირღვა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი – უდანაშაულობის პრეზუმფცია.

მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტში წერია:

“ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს”.

მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში ვკითხულობთ: “ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად”.