სტრატეგია აღმაშენებელი მანდატებზე უარს ამბობს და სიას ხსნის – ვაშაძე

პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ სტრატეგია აღმაშენებელი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ანულებს.

მისი თქმით, ამის შესახებ პარტია ცესკო-ს ხვალ მიმართავს.

„ჩვენ გვქონდა დეტალური მსჯელობა, დისკუსია გუნდში. რა თქმა უნდა, არც გვქონდა სხვა მოსაზრება, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ ჩვენს ბოიკოტს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირად მოწადინებულები ვართ, რომ შეთანხმება შედგეს, ვაპირებ მოლაპარაკებებში მონაწილეობა”, – განაცადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხვალ ერთპარტიული პარლამენტის შეკრება ქართული დემოკრატიის მარცხია.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის, რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს არის უზარმაზარი პრობლემა და უზარმაზარი მარცხი, ქართული დემოკრატიის, რომელიც ქვეყანაში არის და ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა და სახელმწიფო. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს ისევე, როგორც აქამდე, ყოველთვის გვექნება ჩვენი დამოუკიდებელი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მეტი კონსოლიდაცია იმ ადამიანების, ვინც ფიქრობს, რომ უნდა ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. “- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება. პირველ სხდომას არცერთი ოპოზიციური პარტია არ დაესწრება. ამ დროისთვის, მანდატებზე უარს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია არ ამბობს და საკითხს ღიას ტოვებს.

ელისაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება ოპოზიციის 4–ვე მოთხოვნაზე თანახმაა, თუ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას დაამტკიცებს. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ევროპულ საქართველოს შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ სურს. ელისაშვილი ირწმუნება, რომ ნაციონალური მოძრაობა ევროპულ საქართველოს მძევლად ჰყავს აყვანილი.