“სტრატეგია აღმაშენებელი” რუსთავში კანდიდატს არ დააყენებს

პარტია სტრატეგია აღმაშენებელის წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ შუალედურ არჩევნებზე რუსთავში კანდიდატს არ დააყენებენ. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძესთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

“სტრატეგია აღმაშენებელში გვქონდა კონსულტაციები და გადავწყვიტეთ, რომ რუსთავში ბადრი ჯაფარიძეს არ დავუყენოთ კანდიდატურა იმის მიუხედავად, რომ საკუთარი კანდიდატის დაყენებას ვაპირებდით. გიორგი ვაშაძე შეხვდება თავად ჯაფარიძეს იმისთვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გავუზიაროთ და მასაც მოვუსმინოთ, თუ რა გეგმები აქვს.

თუ ჩავატარებთ სწორ კამპანიას და ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ზუსტ აქცენტებს დავსვამთ, ვფიქრობ, შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსთავში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, ოპოზიცია იყოს ძლიერი”. – ამბობს თეონა აქუბარდია.

ცნობისთვის, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატს, ბადრი ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს ნაციონალური მოძრაობაც. “ლელო” სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან კონსულტაციებს აგრძელებს.