საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება. მინისტრის თქმით, მისთვის დიპლომატების შეშფოთება გასაგებია, რადგან მათ ხელშეუხებლობას ვენის კონვენცია იცავს.
“როგორი წუხილი და შეშფოთებაც ჰქონდათ დიპლომატებს, მეც ისეთივე მქონდა. არ იყო ისე, როგორც ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს დაძაბული და მენტორული ტონით გვესაუბრნენ დიპლომატები.
რა თქმა უნდა, ეს შეშფოთება ჩემთვის გასაგებია. ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომტები არიან ხელშეუხებლები და მათ უნდა ჰქონდეთ და აქვთ თავისუფალი მოქმედების არეალი, ეს მათი უფლებაა, როგორც ვენის კონვენციის ქვეყანა, ჩვენ პატივს ვცემთ ამას, მაგრამ მე მქონდა ასევე საუბარი, რომ ჩვენი წუხილიც არის ეს, ჩვენს ინტერესშიც არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეცეს ყველა კითხვას პასუხი”,– ამბობს ზალკალიანი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
მისივე განცხადებით, ელჩებს დაპირდა, რომ მათ წუხილს პროკურატურამდე მიიტანდა.
“ასევე ვუთხარი, რომ პროკურატურის მხრიდან არის მზაობა, რომ მივიღოთ მათი საექსპერტო დახმარება. ყველას შევთავაზე, რომ მოგვეცით ექსპერტები და ჩაერთეთ ამ პროცესში”,– ამბობს მინისტრი.
მინისტრი ფიქრობს, რომ შესაძლოა გავრცელებული ფაილები გაყალბებული იყოს, ამის არგუმენტად კი Facebook-ის 2 დღის წინანდელი გათიშვა და ტექნოლოგიური პროგრესი მოჰყავს.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი დავით ზალკალიანს შეხვდა და “სერიოზული შეშფოთება” გამოთქვა უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ფაქტების გამო. მათი განცხადებით, ეს უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში”