სუს-მა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების მუხლით გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების მუხლით გამოძიება დაიწყო.საქმე ეხება ბოლო პერიოდში მათი თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურეობრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.  ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

„როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის, სამართლებრივი რეაგირებისა და შემდგომში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურების პრევენციის მიზნით.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.