“სუს-მა ტრადიცია დაამკვიდრა, არჩევნების წინ გამოძიებას იწყებენ რაღაც სახელმწიფო გადატრიალებაზე და მერე აღარავის ახსოვს” – საძაგლიშვილი

“სუს-მა ტრადიცია დაამკვიდრა, არჩევნების წინ გამოძიებას იწყებენ რაღაც სახელმწიფო გადატრიალებაზე და მერე აღარავის ახსოვს” – ასე ეხმაურება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი სუს-ის მიერ სახელმწიფოს დამხობის მუხლით მორიგი გამოძიების დაწყებას.

“რეალურად სასაცილოა, იმიტომ, რომ ყველა არჩევნების წინ გვახსოვს სუს-მა ასეთი ტრადიცია დაამკვიდრა გამოძიებას იწყებენ რაღაც სახელმწიფო გადატრიალებაზე და არჩევნებიდან 2-3 დღის შემდეგ არავის არ ახსოვს ეს გამოძიება. არანაირი შედეგი აქამდე არ დამდგარა იმიტომ, რომ არ ყოფილა უბრალოდ ასეთი მცდელობები ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ტრადიციული საშუალება, რომელსაც “ქართული ოცნება” იყენებს ტრადიციულად. ჩვენ ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა იმ ფორმით, რომ არ დაშავებულიყო არავინ თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნოდა არავის თავიდან. როგორც კი მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა საჯაროდ საქართველოში დაბრუნება, უმალვე მთავრობამ დაიწყო მინიშნებების გაკეთება, რომ კონტრაქციას დააორგანიზებდნენ, ამას ბუნებრივია, შესაძლოა, მოჰყოლოდა არეულობა, დაპირისპირება, სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გასწირა და იმ ფორმით დაბრუნდა საქართველოში, რომ არავის სხვას, გარდა მიხეილ სააკაშვილისა საფრთხე არ შექმნოდა. ეს არის პასუხი”,- ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.