სუს-ს რომ არ აღეკვეთა, ხელისუფლების დისკრედიტაციას გამოიწვევდა – თალაკვაძე გაბუნიას საქმეზე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ჟურნალისტზე თავდასხმის ორგანიზების უფლებას ქვეყანაში არავის მისცემენ, რადგან სახელმწიფო უნდა იცავდეს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

„ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას. სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით – იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას”,- ამბობს თალაკვაძე.

მისივე განცხადებით, სუს-ს რომ არ აღეკვეთა ეს დანაშაული, ალბათ გამოიწვევდა სახელმწიფოს და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციას.

“გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოს და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.

შემდეგ ამ ფაქტს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომელმაც განაცხადა, რომ ვასამბეგ ბოკოვი ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტზე დააკავეს, თუმცა თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.