“სწორია კატარი და არა ყატარი“- სახელმწიფო ენის დეპარტამენტის განმარტება

სახელმწიფო ენის დეპარატამენტი საზოგადოებაში დაწყებულ ფართო განხილვას ეხმაურება, რომელია სწორი – “კატარი“ თუ “ყატარი“. დავა განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც კატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი აცხადებს, რომ სწორია “კატარი“ და არა “ყატარი“

„სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია არაბული ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები, რომელშიც არაბული ენის თითოეული ბგერისთვის განსაზღვრულია ქართულ ენაში ფონეტიკური ეკვივალენტი: არაბული ფონემა ق (კაფი) ფონეტიკურად ხასიათდება, როგორც უვულარული, ყრუ, ხშული. მას ქართულში ზუსტი შესატყვისი არ აქვს. ფონეტიკური თვალსაზრისით, იგი ყველაზე ახლოსაა ქართულ უკანა სასისმიერ, გლოტალიზებულ ყრუ, ხშულ თანხმოვან კ-სთან.

არაბული ق ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც კ. ამიტომ სწორია კატარი და არა ყატარი. ამავე წესით არის ქართულში შემოსული და დამკვიდრებული საზოგადო სახელები: რუკა, ბუკი, კეფა, შაკიკი, ლუკმა, ტაბაკი და სხვა“, – აღნიშნულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.