სწორია, რომ მელია არ დაემორჩილა ივანიშვილის აგენტურის გამოძიებას – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, სწორია, რომ ნიკა მელია არ მიდის სუს-ში გამოკითხვაზე.

მისივე თქმით, თვითონაც აპირებს იმავეს – “უღირსებთან დაუმორჩილებლობას”.

“აბსოლუტურად სწორია ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რომ არ დაემორჩილა ივანიშვილის პირადი აგენტურის გამოძიებას, მორიგ შეთითხნილ საქმეზე.

სამოქალაქო ღირსების დაცვა უღირსებთან დაუმორჩილებლობით ჩვენი პატრიოტული ვალია. ზუსტად იმავეს გაგრძელებას ვაპირებ მეც.

ამის პარალელურად, მივესალმები ჩემი საყვარელი ზუგდიდის აქტივისტებს. ასეთივე აქციები დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს მთელ ქვეყანაში. საქართველო გვყავს გადასარჩენი!”,– წერს საკააშვილი.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია მისი განცხადებების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს “სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე”. მელიამ მათ უპასუხა, რომ ამ “სისულელეში მონაწილეობას არ მიიღებს”.