“ტრაგიკული და მწარე ეპიზოდი“–რუსი სამხედრო კორესპონდენტი აღიარებს, რომ რუსებმა იზიუმი დატოვეს

რუსული სახელმწიფო ტელევიზიის სამხედრო კორესპონდენტი, ევგენი პადუბნი თავის ტელეგრამ არხზე წერს, რომ იზიუმში რუსული ჯარის ალყაში მოქცევა კატასტროფა იქნებოდა, ამიტომაც გადაწყვეტილება ქალაქიდან დაჯგუფების გაყვანის შესახებ გამართლებულია.

მან იზიუმიდან რუსების გასვლას “ამ საშინელ ვითარებაში“ სწორი გადაწყვეტილება უწოდა სამხედრო თვალსაზრისით: “ეს ეპიზოდი ტრაგიკული და მწარეა, მაგრამ ეპიზოდია გლობალურ წინააღმდეგობაში.“ – ასე აფასებს სიტუაციას რუსი სამხედრო კორესპონდენტი.

როგორც რუსული სააგენტო lenta.ru წერს, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ ჯარს იზიუმის დატოვება მოუწია. ამავე სააგენტოს ინფორმაციით 10 სექტემბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით რუს სამხედროებს მოუწიათ “ ნაწილობრივ გავიდნენ კუპიანსკიდან“. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქალაქი განლაგებულია გზაზე, რომელიც იზიუმიდან რუსეთის და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკის“ მხარეს მიდის.

სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით კი უკრაინელებმა კუპიანსკი უკვე მთლიანად დაიკავეს.

იზიუმიდან რუსული ჯარის გასვლას ადასტურებენ სხვადასხვა ტელეგრამ არხები, რომლებზეც წერენ, რომ რუსული ნაწილები ქალაქიდან ორგანიზებულად გავიდნენ, თუმცა საბრძოლო მასალების და შეიარაღების დატოვება მოუწიათ.