ტრამპი საკუთარი სოციალური ქსელის შექმნას აპირებს

აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებში მალე “საკუთარი პლატფორმით“ დაბრუნდება. ამის შესახებ Fox News–ის ეთერში მისმა ერთ–ერთმა მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა განაცხადა. მილერის თქმით, ეს ორ–სამ თვეში მოხდება.

„ვფიქრობ ეს იქნება ბომბი სოცქსელებში, რომელიც მთლიანად შეცვლის თამაშის წესებს და ყველა დაელოდება და შეხედავს, კონკრეტულად რას აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი, ამასთან, ეს მისი საკუთარი  პლატფორმა იქნება„– თქვა მან.

უფრო დეტალური ინფორმაციის თქმაზე ის უარს ამბობს, როუმცა აცხადებს, რომ ფლორიდაში, მარ–ა–ლაგო–ს რეზიდენციაში, სადაც ახლა ექსპრეზიდენტი ცხოვრობს, ბევრი „ძლიერი შეხვედრა იყო სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან„.

იანვრის დასაწყისში, ტრამპის მომხრეების  კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ სოციალური ქსელის, ტვიტერის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა საბოლოოდ დაბლოკოს ტრამპის ანგარიში იმ საფრთხის გამო, რომ ის შესაძლოა ტრამპმა ძალადობის წასახალისებლად გამოიყენოს.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ტრამპი დაბლოკილი დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ კვლავ იყრის კენჭს ან კვლავ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ტრამპის ანგარიში და მისი მხარდამჭერების ჯგუფები სხვა სოციალურმა ქსელებმაც დაბლოკეს.