ტროლების მომრავლება მიანიშნებს, რომ პრეზიდენტმა სწორი ხედვა შემოგვთავაზა – ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მის გვერდზე ტროლების მომრავლება იმაზე მიანიშნებს, რომ ზურაბიშვილმა საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება დღეს პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებულ პირად შეურაცხყოფებს და მისი ოფიციალური ,,ფეისბუქის“ გვერდზე ტროლების რაოდენობის მომრავლებას, რაც მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაიღალა ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის ბრძოლითა და “ერთ წრეზე ბრუნვით”. ერთპარტიულ სხდომაზე მან თქვა, რომ საქართველოში კომუნიზმი დასრულდა.