უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ტულის ოლქში „Wildberries“-ის ლოგისტიკურ ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 5 აგვისტოს, რეგიონის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა და კომპანიის პრესსამსახურმა განაცხადეს.
მილიაევის თქმით, „უპილოტო საფრენი აპარატი დახარისხების ცენტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ტულის ოლქის გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ, ხოლო დაშავებულს სამედიცინო დახმარება უტარდება. კომპანიის პრესსამსახურმაც დაადასტურა ლოგისტიკურ ობიექტზე ხანძარი.
გამოცემა Astra და უკრაინული მონიტორინგის ტელეგრამ-არხი Exilenova+ თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ საუბარია ქალაქ ალექსინში მდებარე „Wildberries“-ის საწყობზე, რომლის ფართობი დაახლოებით 194,5 ათასი კვადრატული მეტრია. ლოგისტიკური ცენტრის დაზიანების ზუსტი მასშტაბი ჯერ უცნობია. გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს ძლიერი ხანძარი, რომელმაც კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა.
გარდა ამისა, გასულ ღამეს უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის სამიზნე გახდა თათრეთის ზელენოდოლსკის რაიონიც. „ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთ სამოქალაქო ობიექტზე ლოკალური ხანძარი გაჩნდა, რომელიც ოპერატიულად ჩააქრეს“, — განაცხადა რაიონის ხელმძღვანელმა მიხაილ აფანასიევმა. უკრაინული მონიტორინგის არხ Supernova+-ის მონაცემებით, დარტყმა ზელენოდოლსკში მდებარე „Wildberries“-ის საწყობზე განხორციელდა. ეს ობიექტი დრონებით 31 ივლისსაც იყო შეტევის სამიზნე, თუმცა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.
უკრაინამ „Wildberries“-ის უკვე 20-ზე მეტ საწყობს შეუტია
2026 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან უკრაინა რეგულარულად ახორციელებს დარტყმებს „Wildberries“-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე. 5 აგვისტოს დილის მდგომარეობით, თავდასხმის სამიზნე კომპანიის უკვე 20-ზე მეტი საწყობი გახდა.
წინა დღეს დრონების თავდასხმის შემდეგ ხანძრები გაჩნდა ლენინგრადის ოლქის დასახლება კრასნი ბორისა და მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვის სასაწყობე ზონებში.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბოლო ერთი თვის თავდასხმების შედეგად მარკეტპლეისის გამყიდველებმა შესაძლოა დაახლოებით 215–280 მილიარდი რუბლი დაკარგონ. ივლისის დასაწყისში „Wildberries“-მა გამყიდველებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანა: კომპანია აღარ იღებს პასუხისმგებლობას იარაღის, სამხედრო ტექნიკის, უპილოტო საფრენი აპარატების, საბრძოლო მასალის გამოყენების, დაბომბვებისა და აფეთქებების შედეგებზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „Wildberries“-ის საწყობებზე დარტყმები იმით ახსნა, რომ ეს ობიექტები „აგრესორის მიერ გამოიყენებოდა დრონებისა და სანავიგაციო მოწყობილობების წარმოებისთვის საჭირო სანქცირებული კომპონენტების მიწოდების უზრუნველსაყოფად“.



