ტყიბულში კაცმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მეზობელი მოკლა – პოლიციამ 18 წლის ახალგაზრდა დააკავა

ტყიბულში მარიამობის ღამეს, მამაკაცმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მეზობელი მოკლა. მომხდარზე პოლიციამ 18 წლის ახალგაზრდა დააკავა.

35 წლის გარდაცვლილს, მინდია მაწკეპლაძეს  ნათესავები ჩაუსაფრდნენ, თავს დაესხნენ და   სხეულის სხვადასხვა არეში 20-მდე ჭრილობის მიაყენეს. მაწკეპლაძე ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  ის სამხედრო მოსამსახურეა და პოლიციას საკუთარმა დედამ ჩააბარა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს – 1985 წელს დაბადებულ მ.მ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.