უარს ვამბობთ მოლაპარაკებებზე რიგგარეშე არჩევნებზე, საკითხი დახურულია – ღარიბაშვილი

“უარს ვამბობთ მოლაპარაკებებზე რიგგარეშე არჩევნებზე, საკითხი დახურულია” – პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება კატეგორიულ უარს ამბობს ნებისმიერ მოლაპარალებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.

“მათ აქვთ უნიკალური შანსი, მიიღონ რეალური მონაწილეობა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რეალური დებატები გავმართოთ იმ ეკონომიკურ გეგმებთან მიმართებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ. ვიმსჯელოთ ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას რეალურად აწუხებს: ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი. ნებისმიერი სექტორი ავიღოთ. ამაზე ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ. ეს გაუთავებელი ურთიერთბრალდებები, ურთიერთშეურაცხყოფები მეც არ მსიამოვნებს. მაგრამ როცა გლანძღავენ უშვერი სიტყვებით, ცილისწამებით, საშინელი ბრალდებით, გიჩნდება ერთადერთი სურვილი, რომ უპასუხო და არ დატოვო რეაგირების გარეშე.

ვერც ვინატრებდით, რომ ნაცმოძრაობის რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ასე მოხდა ბუნებრივად მათივე არჩევანით, მათი სურვილით.  თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობას და შანტაჟს, ამას მხოლოდ მივესალმებით. მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, როგორც არის თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკაში. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს, ეს საკითხი არის დახურული, ეს საკითხი არ განიხილება”. – თქვა მან.