უკვე დავიღალეთ “ოცნებისთვის” იმის ახსნით, რაოდენ მნიშვნელოვანია, არ აპატიმრებდე პოლიტიკურ ოპონენტებს – პავილიონისი

“უკვე დავიღალეთ “ოცნებისთვის” იმის ახსნით, რაოდენ მნიშვნელოვანია, არ აპატიმრებდე პოლიტიკურ ოპონენტებს” – ამის შესახებ, ლიეტუვის სეიმის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა “მთავარ არხთან” განაცხადა, რითიც გამოეხმაურა, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას. პავილიონისი ასევე აცხადებს, რომ ძალიან მალე ევროკომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა კი აკეთებს ყველაფერს, რომ არ აღმოჩნდეს ევროპისკენ მიმავალ ამ მატარებელზე.

“ჩვენ უკვე დავიღალეთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის იმის ახსნით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, არ აპატიმრებდე პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპოზიციური არხების ხელმძღვანელებს და არ უარყოფდე საგზაო რუკებს. სამწუხაროდ, ახლა, როდესაც დრო ასე მნიშვნელოვანია, როდესაც ძალიან მალე ევროკომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ არ აღმოჩნდეს ევროპისკენ მიმავალ ამ მატარებელზე.” – განაცხადა პავილიონისმა.

ლიეტუვის სეიმის წევრმა ასევე ისაუბრა, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე და აღნიშნა, რომ დროა, ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების საკითხი წამოიჭრას.

”შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის განზრახვა თავიდანვე ის იყო, საქართველოსთვის ევროპული გზა ჩაეკეტა და ახლა, მე ვფიქრობ, რომ დრო მოვიდა, მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების საკითხი წამოვჭრათ. იმიტომ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ყველა იმ რეფორმამ, რომელიც თქვენ გაატარეთ ვარდების რევოლუციის შემდეგ, თქვენი ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმაღლეს ეშელონებში დააყენა. სწორედ ამიტომ მოახდინა პუტინმა 2008 წელს ომის პროვოცირება, მან ვერ აიტანა ის, რომ საქართველო სრულიად აკმაყოფილებდა ევროინტეგრაციის მოთხოვნებს”, – ამბობს ჟიგიმანტას პავილიონისი

დღეს, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.