ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანა ამ დროისთვის მწვანე ზონაშია, თუმცა ყვითელ ზონას ვუახლოვდებით.
“ჩვენ დღეს ვეყრდნობით ეპიდემიოლოგიურ მოდელს, რომელიც ამბობს, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 10 ახალი შემთხვევა, ესაა მწვანე ზონა. ჩვენ უკვე ვუახლოვდებით ზღვარს, რვას გადავცდით, 8-დან 9-მდე ვრჩებით ბოლო ორი კვირის მონაცემებით 100 000 მოსახლეზე. ძირითადად ესაა აჭარის შემთხვევების ხარჯზე, თუმცა ხალხი მოგზაურობს, მობილობა მაღალია და ამდენად, არა მხოლოდ აჭარაშია მნიშვნელოვანი ლოკალური ღონისძიებების გააქტიურება, არამედ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ჩვენ უკვე ვუახლოვდებით ყვითელ ზონას, რომელიც არის 10 ახალი შემთხვევიდან 30 ახალ შემთხვევამდე”,– ამბობს გაბუნია რუსთავი 2–ის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ ყვითელ ზონაში ქვეყანაში უკვე ინტერვენციების გამკაცრებაა საჭირო.
“ჩვენ ეპიდემიოლოგიური მოდელირებისთვის ვიყენებთ არა აბსოლუტურ მაჩვენებელს, არამედ მაჩვენებელს 100 000 მოსახლეზე. 10-დან 30 შემთხვევამდე 100 000 მოსახლეზე, რომელიც აბსოლუტურ ციფრებში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 370-დან 1 100 შემთხვევამდეა. ესაა უკვე ყვითელი ზონა და მას შემდეგ ითვლება, რომ არის მომატებული რისკი, რასაც ინტერვენციების კიდევ უფრო გამკაცრება სჭირდება…”,– თქვა თამარ გაბუნიამ.