“უკვე შეგვიძლია მთელი შავი ზღვის ფლოტი ჩავძიროთ“ –უკრაინამ Harpoon–ის მძლავრი რაკეტები მიიღო

უკრაინაში უკვე ჩავიდა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები  Harpoon, რომელთა ეფექტურობა საბრძოლო მოქმედებების დროს კარგად არის გამოცდილი. ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხერო ადმინისტრაციის სპიკერმა, სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა.

“ახლა იმდენი ჰარპუნი გვაქვს, შეგვიძლია რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტი ჩავძიროთ. რატომაც არა?“– თქვა მან.

ბრატჩუკი ამერიკელი სპეციალისტების შეფასებებს ეყრდნობა და აცხადებს, რომ ავიამზიდის მწყობრიდან გამოსაყვანად ჰარპუნის ხუთი რაკეტაა საკმარისი. კრეისერის გასანადგურებლად – ოთხი. ერთ რაკეტას კი შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს პატარა ხომალდს ან კატერს.

“მაგალითად, სპარსეთის ყურეში ჰარპუნის რაკეტებით ორი ირანული ხომალდი ჩაძირეს“– ამბობს ის.

იმის შესახებ, რომ დანია უკრაინას Harpoon–ის ხმალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და გამშვებ მოწყობილობას გადასცემდა, 23 მაისს გახდა ცნობილი.

ამერიკულ რაკეტა Harpoon–ს კომპანია Boeing აწარმოებს და ის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული რაკეტაა მსოფლიოში. მათ სერიულად უშვებენ 1975 წლიდან და ამ ხნის მანძილზე ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსმა არაერთხელ გაიარა მოდერნიზაცია. რაკეტის გაშვება შესაძლებელია როგორც ხომალდიდან და წყალქვეშა ნავიდან, ასევე ხმელეთიდან ან ჰაერიდან.

მოდიფიკაციაზეა დამოკიდებული მისი ფრენის მაქსიმალური სიშორე. ის შეიძლება 315 კმ–ს აღწევდეს, სიჩქარე კი 864 კმ/სთ–ს.

დასავლეთმა გადაწყვიტა უკრაინას ძლიერი რაკეტები მიაწოდოს, რათა შავი ზღვის დებლოკადა უზრუნველყოს. სამხედრო ექსპერტების აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ასეთი იარაღის მიწოდება აიძულებს კრემლს ბლოკადაზე უარი თქვას. აგრესორის ფლოტი ახლა შავ ზღვაშია გამოკეტილი. თურქეთმა რუსეთის სამხედრო ხომალდებს საკუთარი სრუტეები ჩაუკეტა.

მომავალ კვირას აშშ აპირებს გამოაცხადოს უკრაინისთვის შორსმსროლელი არტილერიის,MLRS  და შესაძლოა HIMARS–ის მიწოდების შესახებ. მათი ჩართვა ომში სავარაუდოდ გარდამტეხი გახდება.